ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველ ტურში საქართველო მასპინძელ ლატვიასთან 0:4 დამარცხდა, ხოლო ხორვატიის ნაკრებმა საფრანგეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. შედეგად, ორივე გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდება.

„ორი რთული თამაში გველის, მაგრამ ახლა მხოლოდ ხორვატიაზე ვფიქრობთ. ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ხორვატია მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვექნება, თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ“, – განაცხადა მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა.

მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ღავთაძემაც გააკეთა.

„ხორვატიასთან გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება. მეტოქე ძალიან ძლიერია და რთული თამაში გველის. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს – ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ამბობს ფუტსალის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი.