ფუტსალი | ელიტ რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ივლისში გაირკვევა #1TVSPORT
ფუტსალი | ელიტ რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ივლისში გაირკვევა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა, ივლისში შეიტყობს, რომელ გუნდებს დაუპირისპირდება.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი წარმატებით დაასრულა – „ჯვაროსნები“ ბოლო ტურში ბელგიას სტუმრად შეხვდნენ და უშუალო კონკურენტი დამაჯერებელი ანგარიშით 7:4 დაამარცხეს.

ბელგიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემდაგენლობაში თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. თითო-თითო გოლი გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრის და სიმი საიოტის ანგარიშზეა.

ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ჯგუფში 2-2-ჯერ დაამარცხა ავსტრიისა და ბელგიის ნაკრებები, მაქსიმალური ქულები (12 ქულა) დააგროვა და ელიტ რაუნდში თამაშის უფლება ჯგუფის პირველადგილოსნის სტატუსით მოიპოვა.

გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უეფა-ში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები 5 ივლისს გაირკვევა. ელიტ რაუნდში გასული 20 გუნდი 5 ჯგუფში გადანაწილდება. პირველადგილოსნები პირდაპირ მოიპოვებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, საუკეთესო მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში ითამაშებენ.