ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან მატჩისთვის მზადაა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა 13 და 18 დეკემბერს გასამართავ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებზე კომენტარი გააკეთეს.
13 დეკემბერს, ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. თამაშამდე ერთი დღით ადრე, ავთანდილ ასათიანმა გუნდი „თბილისი არენაზე“ ავარჯიშა.
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მოვიდა ის დრო, რისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდით და 8 ამხანაგური თამაში ჩავატარეთ. ვფიქრობ, გუნდი კოსოვოსთან მატჩისთვის მზად არის. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, ყველა პირობა გვქონდა, რომ ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ.
რთული მატჩები გველის, კოსოვო ძლიერი გუნდია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავამარცხეთ, თუმცა ახლა მეტოქეს განსხვავებული შემადგენლობით ვხვდებით. პირველი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და თუ მაქსიმუმს გავაკეთებთ სამი ქულის მოსაპოვებლად. დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრის, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას ქართულ ფუტსალს და ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შეგვიძლია მეტოქის დამარცხება“.
გიორგი ღავთაძე, საქართველოს ნაკრების წევრი: „თამაშისთვის და ბრძოლისთვის მზად ვართ. კოსოვო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და მათთან მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებთ, თანაბარი ბრძოლა იქნება და ვინც უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებს, გამარჯვებაც მას დარჩება. მინდა, მივმართო გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ. მათი დახმარება ძალიან გვჭირდება და სავსე ტრიბუნების წინ თამაში ორმაგი მოტივაცია იქნება“.
ნიკა ხარატიშვილი, საქართველოს ნაკრების წევრი: „მნიშვნელოვანი მატჩებისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე თეორიულად ვემზადებით. კოსოვოს ნაკრები შევისწავლეთ. ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი მექნება და იმედი მაქვს, მოვიგებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მოვა და ყველაფერი ჩვენთვის სასიჯეთოდ დასრულდება“.
საქართველო – კოსოვოს შეხვედრა 13 დეკემბერს „თბილისი არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
დეკემბრის მატჩების განრიგი
13 დეკემბერი
18:00 | საქართველო – კოსოვო
18 დეკემბერი
00:15 | საფრანგეთი – საქართველო