ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი – შესარჩევი ციკლისთვის ძლიერი ნაკრები უნდა გვყავდეს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები შეაფასა, რომლებიც გუნდმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა.
ფუტსალის ნაკრები ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს 9 და 11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდა და ორივე ტესტმატჩი მოიგო – 4:2 და 5:2.
„ბიჭები ორივე შეხვედრაში მაქსიმუმის ჩვენებას შეეცადნენ, რაც ძალიან კარგია. დადებითია ორივე თამაშის მოგებაც – სექტემბრის ამხანაგურ მატჩებს კიდევ უფრო თავდაჯერებულები შევხვდებით. ამ შეხვედრებში ის მოთამაშეები გამოვცადეთ, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდათ.
შემდეგ სამწვრთნელო შტაბი შევიკრიბებით და შევაჯამებთ, რა სურათი გამოიკვეთა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე დარჩენილ ამხანაგურ მატჩებში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ და მცირე შეცდომებიც აღარ გავიმეოროთ.
კარგია, რომ გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ. ბუკიას ტრავმა ჰქონდა, მის არყოფნაში ხარშილაძე გამოვცადეთ, რომელიც ალი ასლანის შეცვლის შემდეგ თამაშში კარგად ჩაერთო. მიხარია, რომ გარკვეულ პოზიციებზე სტაბილურები ვართ და ვფიქრობ, შესარჩევი ციკლისთვის ძლიერი ნაკრები უნდა გვყავდეს“, – განაცხადა ასათიანმა.