ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი – მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ძალების მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება #1TVSPORT
ახალი გამოწვევა იწყება, რასაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა თბილისში აზერბაიჯანთან გასამართ ამხანაგურ მატჩებამდე განაცხადა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მეზობელი ქვეყნის ნაკრებს 9 და 11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ორ ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლებს და ამით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას დაიწყებს.
აზერბაიჯანთან შეხვედრებს გიორგი ღავთაძე გამოტოვებს – საქართველოს ნაკრების ლიდერის არყოფნის მიზეზი ტრავმაა.
„აზერბაიჯანის გარდა, კიდევ 1-2 სპარინგს გავმართავთ, რათა იმ ფორმაში შევიდეთ, როგორშიც ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით. ძალიან დიდი გზის გავლაა საჭირო, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გავიდეთ, რადგან ევროპიდან ამ ტურნირზე მხოლოდ 7 გუნდი ითამაშებს. ამიტომ ძალების მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება, რომ ამ შვიდ გუნდში მოვხვდეთ“, – ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
9 აპრილის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო 11 აპრილს – 14:00 საათზე. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. დასწრება თავისუფალია.