ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი – კოსოვოსთან წაგებით საქმე გავირთულეთ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში კოსოვოსთან საშინაო შეხვედრაზე, რომელსაც „ჯვაროსნები“ 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.
„რა თქმა უნდა, წაგებით საქმე გავირთულეთ, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს თამაშები, სადაც შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა გავაგრძელოთ. ძალიან საწყენია, რომ თამაში 2:0 მიგვყავდა და მაინც დავთმეთ.
თუმცა ამას თავისი მიზეზებიც აქვს. ორი წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა და ახლა მათ კიდევ ორი საკვანძო მოთამაშე დაემატა, ამან ვითარება კიდევ უფრო გაგვირთულა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს ვიმართლებთ, ორბურთიანი უპირატესობა უნდა შეგვენარჩუნებინა. ახლა უნდა ვეცადოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და რა მიზანიც გვაქვს, მაინც მივაღწიოთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 ოქტომბერს გამართავს. „ჯვაროსნები“ კოზენცას პროვინციის ქალაქ რენდეში იტალიას ესტუმრებიან.