ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - გამოჩნდა, რომ გრანდებთანაც შეგვიძლია თამაში #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა მეინრაუნდის ბოლო ტურში საფრანგეთთან ფრედ (3:3) დასრულებულ შეხვედრაზე, ჯგუფურ ეტაპზე გუნდის გამოსვლა შეაჯამა და პლეი ოფზეც ისაუბრა, სადაც ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს.
„კარგად ვიცოდით, რომ საფრანგეთის ნაკრების ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხება რთული იქნებოდა, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და გამოჩნდა, რომ გრანდებთანაც შეგვიძლია თამაში. საფრანგეთს თანაბრად ვეთამაშეთ და ბოლო წუთებზე მოგებაც შეგვეძლო. ამ მატჩებში მიღებული გამოცდილება მომავალაში გამოგვადგება.
პლეი ოფში ჩვენი მოწინააღმდეგე 21 მაისს გაირკვევა, მერე კი სექტემბრის მატჩებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ“.
ევრო 2026-ის შესარჩევ მე-10 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც საფრანგეთს ქულა დააკარგვინა, 13 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პლეი ოფში ითამაშებს, რომლის წილისყრაც 21 მაისს გაიმართება.