ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ერევნის ტურნირზე იმ შემადგენლობაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც ევრო 2026-ზე გაემგზავრება #1TVSPORT
„ევროპის ჩემპიონატამდე ასეთი დონის ტურნირზე მონაწილეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც გუნდი ევრო 2026-ისთვის მოემზადება.
„მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებს შორის კონკურენცია არსებობდეს და იმ შემადგენლობაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. სამივე მატჩს ძლიერ მოწინააღმდეგესთან ვატარებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი რეალური შესაძლებლობები ნათლად დავინახოთ.
ტურნირი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატამდე ერთი თვეა დარჩენილი და უნდა ჩამოვაყალიბოთ ის კონტურები, რაც გუნდისთვის ყველაზე სასიკეთო იქნება“, – აღნიშნა ავთანდილ ასათიანმა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი 21-24 დეკემბერს სამ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ყირგიზეთი, მოლდოვა და მასპინძელი სომხეთი იქნებიან.
საქართველოს ნაკრები მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო მისი მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი არიან. ჯგუფის შეხვედრები ლატვიაში, ქალაქ რიგაში ჩატარდება. მეოთხედფინალში ასპარეზობას პირველ და მეორე ადგილზე გასულები გააგრძელებენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. შეჯიბრება 21 იანვარს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.