ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ამ მხრივ სამუშაო გვაქვს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ლატვიასთან წაგების (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან დასანანია, ასეთი ანგარიშით წაგებას საქართველოს ნაკრები ნამდვილად არ იმსახურებდა. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, გამოჩნდა, რომ ამ მხრივ სამუშაო გვაქვს.
ტურნირის სტარტზე ასეთი წაგება გულდასაწყვეტია. არადა, მომენტებს ვქმნიდით, ბევრი ვიმუშავეთ და ლატვია შესწავლილი გვყავდა, მაგრამ ფუტსალში, შესაძლოა, ისეთი ანგარიში დაფიქსირდეს, რომელსაც არ იმსახურებ.
უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ძალიან რთული ორი თამაში გველოდება და უნდა ვეცადოთ, შეცდომები, რაც ლატვიასთან დავუშვით, ამ მატჩებში გამოვსწოროთ“.