ფუტსალი | ალი ასლანი - შევეცდებით, საფრანგეთი დავამარცხოთ და გავახაროთ ჩვენი ხალხი #1TVSPORT
ფუტსალი | ალი ასლანი - შევეცდებით, საფრანგეთი დავამარცხოთ და გავახაროთ ჩვენი ხალხი #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ალი ასლანმა ევრო 2026-ზე ხორვატიასთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ალიმ, რომელიც წარმოშობით ფერეიდანელი ქართველია და წლებია, საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს, ბალკანელებთან თავი 33 სეივით გამოიჩინა. შეხვედრის დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე მან ფრანკო იელოვჩიჩს პენალტი აუღო და მოპოვებული ქულით გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით და გადამწყვეტ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 იანვარს კაუნასში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.

„ხორვატია ძალიან კარგი გუნდია და ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ტოპდონეზე გამოდიან. მათ წინააღმდეგ თამაში რთული იყო. ფუტსალი გუნდური სპორტია და შედეგი მარტო ერთ კაცზე არაა დამოკიდებული. მადლობას გადავუხდი ჩემს გუნდელებს, რომ დამეხმარნენ.

შემდეგი მეტოქე, საფრანგეთიც ძლიერი მეტოქეა და დიდ პატივს ვცემთ. მაგრამ ვიცით, ეს ჩვენი ბოლო შანსია და მოგება გვინდა. მაქსიმალურად შევეცდებით, ასეც მოხდეს და გავახაროთ ჩვენი ხალხი“.