„ფულჰემის“, „სოსიედადისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილი მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოს“ შოტლანდიელი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„ფულჰემის“, „სოსიედადისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილი მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოს“ შოტლანდიელი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

„ტორპედოს“ შოტლანდიელი სტივ კინი გაწვრთნის – ქუთაისელთა ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ Matchday-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ტორპედოში“ დაუდასტურეს.

როგორც კლუბში გვითხრეს, სტივ კინთან კლუბის მენეჯმენტმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია. შოტლანდიელი სპეციალისტი საქართველოში 18 მაისს ჩამოვა, ხოლო 19 მაისს მასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება და ქართული მედიისთვის პრესკონფერენციაც გაიმართება. კინი „ტორპედოს“ პირველად 20 მაისს „კავკასიონი არენაზე“ „თელავის“ წინააღმდეგ უხელმძღვანელებს.

55 წლის შოტლანდიელმა მწვრთნელმა ფეხბურთელის კარიერა „სელტიკში“ დაიწყო, მაგრამ პირველ გუნდში ვერ მოხვდა და „სუონსიში“ გადავიდა. თამაშობდა პორტუგალიის „აკადემია კოიმბრასა“ და „ნავალში“.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი „რედინგში“, „ფულჰემში“, „რეალ სოსიედადში“, „ქოვენთრი სიტიში“, „ბლექბერნში“ (სადაც 2010-12 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო), მუშაობდა ბრუნეის ეროვნული ნაკრებში, „ოფი კრეტაში“ (ტექნიკურ დირექტორად), „მელბურნ ვიქტორიში“ მწვრთნელის ასისტენტად.

2021 წლის ნოემბერში კინი შოტლანდიური კლუბის, „ჰიბერნიანის“ აკადემიის დირექტორი გახდა და 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელმაც მისი ხელძღვანელობით შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონში დაამარცხა ნორვეგიული „მიოლდე“, ფრანგული „ნანტი“ და ფლეი ოფში გავიდა.