ფრუიძის იღბლიანი სტარტი - „სამგურალმა“ „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT
ფრუიძის იღბლიანი სტარტი - „სამგურალმა“ „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში მორიგი შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა. „26 მაისი არენაზე“ მეზობლებმა ითამაშეს – „სამგურალმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა, ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მატჩის ბოლოსკენ გატანილი გოლით დაამარცხა. 

ანგარიში ქუთაისელებმა პენალტით გახსნეს – „სამგურალის“ მეკარე მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ დარტყმის მიმართულებაც გამოიცნო და ბურთსაც შეწვდა, მაგრამ ოლეგ მამასახლისის დარტყმით სტუმრები მაინც დაწინაურდნენ – 0:1. ამის შემდეგ უპირატესობა წყალტუბოელებმა მოიპოვეს და წონასწორობა აღადგინეს – სერგო კუხიანიძე ქუთაისელთა საჯარიმოსთან შემოტრიალდა და ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.

მასპინძლებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და პირველი შეტევით ანგარიშის წაყვანა შეეძლოთ, მაგრამ კუხიანიძის თავური დარტყმა „ტორპედოს“ კარს ასცდა. მასპინძლებმა 76-ე წუთზე თავისი შანსით მაინც ისარგებლეს. სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დავით კირკიტაძემ ზუსტად გამოიყენა.

საბოლოოდ, „სამგურალმა“ 2:1 მოიგო, 9 ტურის შემდეგ 9 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა. „ტორპედო“ კი ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში არ მოუგია და 5 ქულითა მე-9 პოზიციაზეა.

სამგურალი“ – „ტორპედო“ 2:1

გოლები: 0:1 მამასახლისი (36. პ), 1:1 კუხიანიძე (37. კალანდარიშვილის პასით), 2:1 დ. კირკიტაძე (76. პენალტი)

17.04. 2021. წყალტუბო. „26 მაისი არენა“. 1000 მაყურებელი.

სამგურალი“: ქვილითაია – მჭედლიშვილი (71. ბანძელაძე), ბურჯანაძე, ლ. ქურდაძე, კალანდარიშვილი – ფონიავა, გილმორი, ვერულიძე (63. ჩიხლაძე) – დოლიძე (84. თ. კიკაბიძე), კუხიანიძე, ლექვთაძე (71. დ. კირკიტაძე)

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

„ტორპედო“: ჰამზიჩი – ვ. ტაბატაძე (81. შარვაშიძე) , მირცხულავა, ჩაკვეტაძე, ნადარაია, ჩალაძე – მამასახლისი, ძარია (78. სალაკუ), ბუკასი – ზიდანი (72. კვერნაძე), რეკიში

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია

მთავარი არბიტრი: დ. სანოძე

გაფრთხილებები: კუხიანიძე (61), მამასახლისი (82)