ფრიდრიხ მერცი - ტრამპმა მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყო, გერმანია მასში აქტიურად ჩაერთვება, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინას, გაუმკლავდეს რუსეთის სარაკეტო ტერორს
აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს მიაწვდის იმ შემთხვევაში, თუ ამას ევროპელები დააფინანსებენ, პრეზიდენტ ტრამპს დავუდასტურე, რომ გერმანია აქტიურად ჩაერთვება ამ ინიციატივაში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისი თქმით, ასე გაიზრდება ზეწოლა მოსკოვზე, რათა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყო: შეერთებული შტატები უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს მიაწვდის იმ შემთხვევაში, თუ ამას ევროპელები დააფინანსებენ. ამ საკითხზე პრეზიდენტ ტრამპთან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გვქონდა კონსულტაცია. მე დავუდასტურე მას, რომ გერმანია აქტიურად ჩაერთვება ამ ინიციატივაში. ჩვენ ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინას, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო ტერორს. მხოლოდ ასე გაიზრდება ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლოს და ბოლოს დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამავდროულად, ეს აჩვენებს, რომ უსაფრთხოების სფეროში ერთიანი პარტნიორები ვართ და ერთსულოვნად ვმოქმედებთ. ახლა დეტალების დაზუსტება სწრაფად უნდა მოხდეს, ამისთვის მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს პარტნიორებთან“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.