ფრიდონ ინჯია - კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების საშუალებას მოგვცემს
ფრიდონ ინჯია - კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების საშუალებას მოგვცემს

კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების საშუალებას მოგვცემს, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

„საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. ჩვენი სამშობლო ყოველთვის მიისწრაფოდა მდგარიყო ისტორიის სწორ ადგილას. ათწლეულების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ვყოფილიყავით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე, სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდა.

„მიზანშეწონილად მიმაჩნია, თავი დავანებოთ ყველანაირ ისტერიას, რაც უფრო აღრმავებს დაპირისპირებას, დაძაბულობას და ქვეყანაში ქმნის ხელოვნურ პოლარიზაციას. დროა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას პრაგმატული და რეალური ნაბიჯი ჩაერთოს ყველა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფორმატებში, რაც სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ მდგრადობას, განვითარებას, პოლიტიკურ სტაბილურობას და უმთავრესი მიზნის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მათ შორის, იმ ევროპული კანონების მიღებას, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების საშუალებას მოგვცემს. თუ საქართველოს არ მიეცემა კანდიდატის სტატუსი, მაშინ გამოდის, ევროკავშირი ითხოვს პოლარიზაციის შემცირებას და ამ დროს, ის ხელს უწყობს პოლარიზაციას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.