ფრიდონ ინჯია - დასავლეთმა და გარკვეულმა ქვეყნებმა გაწირეს უკრაინა, რასაც აკეთებენ შეიარაღების თვალსაზრისით, არის ბიძგი ომისკენ, ჩვენ ომი არ გვინდა
ფრიდონ ინჯია - დასავლეთმა და გარკვეულმა ქვეყნებმა გაწირეს უკრაინა, რასაც აკეთებენ შეიარაღების თვალსაზრისით, არის ბიძგი ომისკენ, ჩვენ ომი არ გვინდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ფრაზას, რომ „ოპოზიციას ომის დაწყება უნდა“, ოპოზიციონერ ნატო ჩხეიძესა და თავად ფრიდონ ინჯიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს განიხილავდნენ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა: „ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც მაქვს კითხვა, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან როდის შეიძლება, დავუჯეროთ, მაშინ, როდესაც ისინი ამ ბოლო დროს და წლების განმავლობაში აქციებს ატარებენ, პიკეტირებას აწყობენ ქვეყანაში და ქვეყანაში უნდათ ომი“ , – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც ფრიდონ ინჯიას საპასუხოდ ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, საუბრები, რომ ოპოზიციას ომი უნდა ქვეყანაში, დაუშვებელია.

„ძალიან გთხოვთ, ნუ აჰყვებით ამას. მეხუთე კოლონის რეპლიკას ნუ ლაპარაკობთ“, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

ფრიდონ ინჯიას განცხადებით კი, ოპოზიციის დამოკიდებულებას კარგად აჩვენებს ის ფაქტი, რომ „ტრასიდან 80 მეტრზე ჩვენი საზღვარი დარღვეული და სხვისი ტერიტორიაა“.

„სამწუხაროდ, ასეა. ამის დამტკიცება ის არის, რომ ტრასიდან 80 მეტრზე არის ჩვენი საზღვარი დარღვეული და სხვისი ტერიტორიაა. ეს არის ის, რაც თქვენ გააკეთეთ და რაც გააკეთა ოპოზიციამ, ის პოლიტიკაა ეს. თუ მაინცდამაინც რეზოლუციას მიიღებს მმართველი პარტია, იქ არ უნდა იყოს წაქეზება, არ უნდა იყოს ისეთი რამ, რომელიც გაააქტიურებს და უფრო შესაძლებელს გახდის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ომი იყოს. ჩათვალეთ, უკრაინის ტერიტორიაზე ომი, ეს ომია საქართველოში. წინა მთავრობის ასეთმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რა მდგომარეობაშიც არის დღეს საქართველო. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ მთლიანად იყოს დარღვეული საქართველოს მთელი ტერიტორია, ყველაფერი აქეთკენ მიდის თქვენი რიტორიკით. ამიტომ, თუ მაინცდამაინც გინდათ, მიიღოთ ეს რეზოლუცია, მაინც ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ყველა იკავებს თავს, მიდის ვაჭრობა, ჯერ არ დაწყებულა პოლიტიკური ვაჭრობა, არ ვიცით, რა ხდება, რა იქნება და სად ამოგვაყოფინებენ თავს, კაცმა არ იცის. ხომ ხედავთ, დასავლეთმა და გარკვეულმა ქვეყნებმა გაწირეს უკრაინა. რასაც ისინი აკეთებენ, შეიარაღების თვალსაზრისით, არის ბიძგი ომისკენ. ჩვენ ომი არ გვინდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენთან ომი არ იყოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.