ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში ელდარ გოგოლაძე იკითხება
ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში ელდარ გოგოლაძე იკითხება

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის, 1993 წელს მოკლული ფრედი ვუდროფის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილ უფროსს, ელდარ გოგოლაძეს კითხავენ.

გოგოლაძე გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად შევიდა. ელდარ გოგოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით პოზიციას პროკურატურის დატოვების შემდეგ დააფიქსირებს.

გოგოლაძის ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველზე დაიბარეს.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ფრედი ვუდროფი საქართველოში წვრთნებს ატარებდა. ის თბილისის შემოსასვლელთან 1993 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ავტომობილში, რომელშიც ელდარ გოგოლაძეც იმყოფებოდა. ვუდროფის მკვლელობის საქმეზე ანზორ შარმაიძე გაასამართლეს, რომელმაც 15-წლიანი სასჯელი მოიხადა და 2008 წელს გათავისუფლდა. შარმაიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამ მოტივით პროკურატურას მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართა. სწორედ ამ მოტივით დაიწყო საგამოძიებო უწყებამ ხელახალი მოკვლევა, რომლის ფარგლებში შარმაიძე უკვე გამოიკითხა. ის გვარებს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ საგამოძიებო უწყებაში მან კონკრეტულ პირებზე ისაუბრა. შარმაიძე ამბობს, რომ ელდარ გოგოლაძე მისი დაკავების ღონისძიებაში მონაწილეობდა. ანზორ შარმაიძეს, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულის სტატუსი ამ ეტაპზე მინიჭებული არ აქვს.