ფრედი ლიუნგბერგი - ახალგაზრდა ფეხბურთელებს გუნდის მომავალს ვერ ჩავაბარებთ
ფრედი ლიუნგბერგი - ახალგაზრდა ფეხბურთელებს გუნდის მომავალს ვერ ჩავაბარებთ

„არსენალის“ დროებითი მწვრთნელი ფრედი ლიუნგბერგი აღფრთოვანებულია კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელების პოტენციალით, მაგრამ მიიჩნევს, რომ გამოცდილი მოთამაშეების გარეშე გუნდი ფონს ვერ გავა.

შვედი სპეციალისტი ბუკაიო საკას, ჯო ვილოკსა და რაის ნელსონს კარგად იცნობს, რადგან წინა სეზონში მათ 23-წლამდელების შემადგენლობაში ავარჯიშებდა. არის ასევე კლუბის ახალი შენაძენი, 18 წლის გაბრიელ მარტინელი, რომელმაც ბოლო ტურში „ვესტ ჰემთან“ ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო.

„დიდებული ახალგაზრდები არიან“, – უთხრა ლიუნგბერგმა „სკაი სპორტს“ ევროპა ლიგის მატჩის შემდეგ, რომელშიც „არსენალმა“ ბელგიურ „სტანდარდთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა. – „თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ჯერ პატარები არიან და იმედებს მათზე ვერ დავამყარებთ. ეს მათთვის ზედმეტი ტვირთი იქნება“.

პრემიერლიგაში „არსენალი“ ამჟამად მეცხრე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ პირველ ოთხეულს შვიდი ქულით ჩამორჩება, თუმცა ლიუნგბერგი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში პირველ ოთხეულში მოხვედრა საკმაოდ რეალური შესაძლებლობაა.

მომდევნო მატჩს ლონდონელები 15 დეკემბერს, „მანჩესტერ სიტითან“ შინ გამართავენ. თამაში თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი