ფრე წლის პირველ სპარინგში - წიტაიშვილმა და კვეკვესკირმა დუბაიში ითამაშეს #1TVSPORT
ფრე წლის პირველ სპარინგში - წიტაიშვილმა და კვეკვესკირმა დუბაიში ითამაშეს #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი წიტაიშვილმა პოზნანის „ლეხში“ წლის პირველი მატჩი ჩაატარეს – პოლონეთის ჩემპიონმა ზამთარში პირველი ამხანაგური შეხვედრა „აჯმანთან“ 1:1 დაასრულა.

ორივე ქართველმა ითამაშა: პირველ ტაიმში – კვეკვესკირმა, ხოლო მეორე ნახევარში „ლეხის“ მწვრთნელმა მოედანზე საქართველოს ნაკრების მეორე წევრი, წიტაიშვილი შეუშვა.

„ლეხი“ საგაზაფხულო ეტაპისთვის დუბაიში, მეოთხე დღეა, ემზადება და პირველი სპარინგი გამართა „აჯმანის“ სტადიონზე ამავე სახელის მქონე გუნდთან, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრო ლიგაში მეხუთე ადგილზეა.

მატჩი პოლონელების უპირატესობით დაიწყო და 2023 წელს პირველი გოლი მე-19 წუთზე მიხალ სკორასმა გაიტანა. „ლეხს“ ანგარიშის გაზრდა მალე შეეძლო, მაგრამ მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ფილიპ შიმჩაკმა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი პოლონელებმა სრულიად განსხვავებული შემადგენლობით დაიწყეს, თამაშის სურათი პირველი ტაიმის მსგავსი იყო. თუმცა, 56-ე წუთზე საამიროების გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. გაშვებულმა გოლმა „ლეხი“ უფრო გამოაცოცხლა, წიტაიშვილი გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პოზნანის „ლეხი“ და ქართველები შემდეგ სპარინგმატჩს დუბაის შეკრებაზე პარასკევს, 13 იანვარს ბევრად უფრო სოლიდურ მეტოქესთან გამართავენ – პოლონეთის ჩემპიონს ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაუპირისპირდება.