ფრე წლის ბოლო მატჩში - ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე წლის ბოლო მატჩში - ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუზავდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ წლის ბოლო შეხვედრაში „მონცას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.

„სტადიო მარადონაზე“ გამართული იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის მატჩი ნეაპოლელებისთვის მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან ისინი ზედიზედ ორი მტკივნეული მარცხის შემდეგ თამაშობდნენ. თანაც, „ნაპოლის“ დისკვალიფიცირებული ოსიმენი და პოლიტანო აკლდა.

ხვიჩა კვარაცხელია შესვენებამდე „ნაპოლიში“ ყველაზე აქტიური იყო. პირველი სახიფათო მომენტი მე-14 წუთზე შექმნა, როდესაც დასარტყმელ პოზიციაზე ჯაკომო რასპადორის გადაცემით აღმოჩნდა, მაგრამ მცველი გადაეფარა და „მონცას“ რეალური საფრთხე ააცილა. 36-ე წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ სცადა გატანა. ქართველმა თავდამსხმელმა 45-წუთზე მეტოქე ჩამოიშორა და გოლთან ძალიან ახლოს იყო, ბურთმა კარს ახლოს ჩაუარა.

მეორე ტაიმშიც პირველი მომენტი ისევ კვარაცხელიმ შექმნა და კვლავ რასპადორის გადაცემით, რომელმაც ქართველი კარის წინ დატოვა, თუმცა „მონცას“ მეკარემ ხვიჩას დარტყმისას პოზიცია ზუსტად შეარჩია და გუნდი გოლისგან გადაარჩინა.

ბევრი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, „მონცას“ შეეძლო დაწინაურება. ერთ ეპიზოდში კარისკენ წასულ ბურთს მარიო რუი ხელით გადაეფარა და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მატეო პესინას დარტყმა მეკარე ალექს მერეტმა აიღო.

71-ე წუთზე წინ გასვლა უკვე „ნაპოლის“ შეეძლო, როდესაც კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ ალესიო ძერბინი დატოვა, მაგრამ მან ბურთი მიზანს დიდი მანძილით ააცილა. 86-ე წუთზე კი ქართველს ვარენ ბონდოს უხეშობის შემდეგ ნერვებმა უმტყუნა და არბიტრმა ორივეს ყვითელი  ბარათი აჩვენა, ხოლო „ნაპოლის“ მწვრთნელი ვალტერ მაძარი სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა, შეხვედრა 0:0 დაასრულა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდი 18 ტურის შემდეგ სერია A-ში 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ კი უკვე 16 ქულით ჩამორჩება.