ფრე ლიეტუვასთან - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევისთვის მზადება დაასრულა #1TVSPORT
ფრე ლიეტუვასთან - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევისთვის მზადება დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ლიეტუვის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ვასილ მაისურაძის გუნდი ბალტიისპირელებს პირველად 8 სექტემბერს შეხვდა და 1:0 მოიგო. ამჯერადაც შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა და არა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, როგორც დაანონსებული იყო.

მეორე დაპირისპირებაშიც ჩვენი გუნდი დაწინაურდა. მე-8 წუთზე დაჩი ლორთქიფანიძემ ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და მეკარესთან ალეკო ბასილაძე დატოვა, რომელმაც შანსი გოლად აქცია.

29-ე წუთზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა და რომულდას იანსონასმა ანგარიში გაათანაბრა.

ამხანაგური მატჩი I საქართველო U19 – ლიეტუვა U19 1:1

10.09.2023. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი 2“.

გოლები: 1:0 ბასილაძე (8. ლორთქიფანიძის პასით), 1:1 რომულდას იანსონასი (29 – პენალტი)

საქართველო U19: ბედიაშვილი, ნარიმანიძე, ტყეშელეაშვილი, სადღობელაშვილი, ფაღავა, ლორთქიფანიძე, ფეიქრიშვილი, მაშავა, ბასილაძე, ნინიძე, ცეცხლაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კაკულია, ბუკია, ქარსელაძე, ყველაშვილი, სამუშია, გოგსაძე, კანტიძე.

ვასილ მაისურაძის გუნდი ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე 19-წლამდელები კვიპროსს, მოლდოვასა და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

საკვალიფიკაციო რაუნდი:

15 ნოემბერი

საქართველო – კვიპროსი

18 ნოემბერი

საქართველო – მოლდოვა

21 ნოემბერი

საქართველო – ესპანეთი

2024 წლის უეფა-ს 19-წლამდელთა ჩემპიონატი ჩრდილოეთ ირლანდიაში 15-28 ივლისს ჩატარდება. ტურნირის ფინალი ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ გაიმართება.