ფრე ლიდერთან და დაკარგული შანსი - ქვილითაიამ „აპოელს“ უკაპიტნა #1TVSPORT
ფრე ლიდერთან და დაკარგული შანსი - ქვილითაიამ „აპოელს“ უკაპიტნა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში „აპოელმა“ ლიდერ „აპოლონს“ უმასპინძლა, მხოლოდ ქულას დასჯერდა და პირველადგილოსანთან ჩამორჩენის შემცირება ვერ მოახერხა.

აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი კი შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებდნენ. „აპოლონის“ განაცხადში რეზი ინჯგია გახლდათ, მაგრამ არ უთამაშია.

გიორგი ქვილითაიამ „აპოელი“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. ქართველ თავდამსხმელს 27-ე წუთზე გუნდის დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ამ შანსით ვერ ისარგებლა. 74-ე წუთზე კი მშვენიერი დრიბლინგი განახორციელა, ხუთი მეტოქე ჩამოიშორა და ბურთი ლუკას სოუზას გადააწოდა, რომელმაც ეს მშვენიერი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. „აპოელის“ იერიში გაგრძელდა და გატანა თავად ქვილითაიას შეეძლო, რომლის დარტყმულიც მეკარემ აიღო.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა და ქართველების „აპოელმა“ ლიდერთან სხვაობის მინიმუმამდე შემცირების შანსი დაკარგა. გუნდი 44 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, „აპოლონს“ ისევ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო უახლოეს მდევრებს, აეკ-სა (42) და „არისს“ (43) მინიმალური უპირატესობით ასწრებს.