ფრაქცია „ევროპული საქართველო“, ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, ხვალინდელ საგანგებო სხდომას დაესწრება
ფრაქცია „ევროპული საქართველო“, ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, ხვალინდელ საგანგებო სხდომას დაესწრება

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ხვალ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომას ერთჯერადად, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დაესწრება. ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ფრაქციაში განმარტავენ, რომ პარლამენტის საქმიანობის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ვიდრე 8 მარტის შეთანხმებას ხელისუფლება სრულად არ შეასრულებს.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მთავრობას საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს, „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ქვეყნის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია. სერგი კაპანაძის განცხადებით, ცვლილებებს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს.

„ევროპული საქართველო“ რჩება პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება არ იქნება ბოლომდე შესრულებული. იმის გამო, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება იყოს განხილული, რაც უკავშირდება კორონავირუსის გამო არსებულ მდგომარეობას და ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის შეზღუდვების შემოღების მცდელობა საგანგებო მდგომარეობის მიღმა, რასაც აპირებს ხელისუფლება, ვაპირებთ, რომ შევიდეთ და ამაზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ.

მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის. შეზღუდვების შემოტანის უფლება, რომლებიც შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, პარლამენტის გარეშე და მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე, ხელისუფლებას არ უნდა ქონდეს. ამიტომ, ჩვენ ამაზე ჩვენი მკაცრი პოზიცია გვექნება და ამის დაფიქსირებას ვაპირებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ბოიკოტის რეჟიმი რჩება, ვიდრე არ მოხდება 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.