ფრანგული მედია - მიქაუტაძე „მეცთან“ ერთად ემზადება, ზაფხულში მისი ტრანსფერი გამორიცხულია #1TVSPORT
ფრანგული მედია - მიქაუტაძე „მეცთან“ ერთად ემზადება, ზაფხულში მისი ტრანსფერი გამორიცხულია #1TVSPORT

ზაფხულში ჩატარებული პირველი ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ „მეცი“ შეკრებას სამთო კურორტ ვიტელში გააგრძელებს, გუნდთან ერთად კი გიორგი მიქაუტაძე ვარჯიშობს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ესწრებოდა „ლუქსემბურგ რასინგთან“ (3:0) შეხვედრას. პირველად „სერენთან“ (2:1) ითამაშა, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვიტელში კი ლასლო ბოლონის გაწვრთნილებთან ერთად 25 ივლისამდე მოემზადება.

ქართველის გუნდი პირველად 22 ივლისს ითამაშებს „ტროასთან“, სამი დღის შემდეგ კი „სოშოს“ დაუპირისპირდება. შემდეგ შეკრებაზე „მეცი“ კიდევ ორ მატჩს გამართავს – „ამიენთან“ და „ჰერენვენთან“.

კლუბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის რუმინელი მწვრთნელი მიქაუტაძის კონკურენტს, ლენი ჯოზეფს შეელია. შესაძლოა, ეს იყოს ნიშანი, რომ მიქაუტაძე კლუბში რჩება, რადგან პრემიერლიგაში დაწინაურებულ „ბარნლისთან“ მისი ტრანსფერი ჩაიშალა.

„დღეს „მეცი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურია. კლუბს თავდამსხმელი ლენი ჯოზეფი დატოვებს და ლიგა 2-ის „გრენობლს“ შეუერთდება. ფრანგული ფეხბურთის ელიტაში კლუბის აღზევების შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა იქცევს ყურადღებას.

გუნდი შეელია ლენი ჯოზეფს, რომელიც კარიერას ლიგა 2-ის „გრენობლში“ გააგრძელებს. 22 წლის ჰაიტიელ თავდამსხმელს გასულ სეზონში სათამაშო დრო არ ჰქონდა – გუნდისა და ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირმა ეს პერიოდი ჩინებული მიქაუტაძის ჩრდილში გაატარა“, – წერს Ouest-france.

Socios-fcmetz კი ამტკიცებს, რომ ქართველი თავდამსხმელი კლუბს აღარ დატოვებს: „როდესაც „ბარნლიმ“, რომელიც ახალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში ითამაშებს, „მეცს“ 15 მილიონი ევრო შესთავაზა მიქაუტაძის ტრანსფერში, ცნობილი გახდა, რომ ინგლისურმა გუნდმა ვინსენტ კომპანის მეთაურობით მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი თქვა. ქართველით კვლავ ბევრი ევროპული გუნდი ინტერესდება და „მეცს“ ჯერ კიდევ საკმარისად ჰყავს პოტენციური კლიენტები, რათა გაყიდოს თავისი ცენტრალური თავდამსხმელი. ამით კლუბს შეუძლია, ბიუჯეტი 20 მილიონი ევროთი გაიმდიდროს, მაგრამ ჩვენ გვესმის – ამ ზაფხულს (მიქაუტაძის) გაყიდვა გამორიცხულია!“