ფრანგული გამოცემა - სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან მიქაუტაძეს „მეცი“ დაიტოვებს [ვიდეო] #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან მიქაუტაძეს „მეცი“ დაიტოვებს [ვიდეო] #1TVSPORT

გაბრაზებიდან სიხარულამდე, ზოგჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯია… მადლობა ჩვენს თავდამსხმელს, რომელმაც ამ პლეი ოფში კიდევ ერთხელ ითამაშა გადამწყვეტი როლი“, – ასე გამოეხმაურა „სერენის“ ტვიტერის გვერდი გიორგი მიქაუტაძის თამაშს, რომლის ერთადერთი გოლითაც „მოლენბეკთან“ პლეი ოფში გუნდმა ორმატჩიანი (1:0, 0:0) დაპირისპირება მოიგო.

მეციდან“ „სერენში“ განათხოვრებული ფეხბურთელების, მათ შორის, ქართველი თავდამსხმელის წარმატებაზე ფრანგულმა ინტერნეტ-პორტალმა, score.fr-მა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ მომავალ სეზონს ქართველი თავდამსხმელი გაატარებს „მეცში“, რომელსაც ლიგა 2-დან გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის.

მეცის“ მოთამაშეებმა, როგორც იქნა, გაიღიმეს! თუ „მეცი“, რომელსაც ფრედერიკ ანტონეტი წვრთნიდა, თვეების განმავლობაში იმედგაცრუებული იყო, „მეცის“ რამდენიმე მოთამაშე წარმატებას ზეიმობს – იუსეფ მასიზი, გიორგი მიქაუტაძე და გიომ დიჩი. ეს სამეული ამჟამად იჯარით „სერენში“ თამაშობს და ბელგიის ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა. მათ ბელგიელ თაყვანისმცემლებს სიხარული მოუტანეს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასასრული „სერენისთვის“ რთული იყო (მე-17 ადგილი ჩემპიონატში), ჟან-ლუი გარსიას გუნდმა ბელგიის ჯუპილერლიგაში დარჩენა მოახერხა.

ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში გუნდმა გიორგი მიქაუტაძის ერთადერთი გოლის წყალობით „მოლენბეკს“ 1:0 მოუგო (0:1). ქართველის გოლი გადამწყვეტი გამოდგა, რადგან საპასუხო მატჩში ლიეჟელებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.

ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც „მეციდან“ იჯარით წავიდა, როგორც ჩანს, თავისუფლად გრძნობს თავს ბელგიაში და სეზონის ყველა შეჯიბრში 14 გოლი გაიტანა. ამით მისი ჯამური მაჩვენებელი 55 მატჩში 36 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გახდა.

ამ სამეულმა „სერენი“ გააბედნიერა იმ დროს, როდესაც მათი თანაგუნდელები საფრანგეთში იბრძვიან, რომ იმავეს მიაღწიონ. „მეცი“ ლიგა 1-ში უფსკრულის პირასაა, მე-20 ადგილზეა და მომავალ სეზონში ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება, მწვრთნელს კი სასწაულის აღარ სჯერა.

ჟან-ლუი გარსია აღიარებს, რომ ამაყობს გუნდის ევოლუციით სეზონის ბოლოს. ბელგიური მედიის ცნობით, ის შეხვდება „მეცის“ სპორტულ დირექტორს, ფილიპ გაიოს და ხელმძღვანელებს.

„მადლობას ვუხდი მათ ჩემს მიმართ ნდობისთვის. ვფიქრობ, მძიმე და მტკივნეული სეზონის შემდეგ, ისინი შემადგენლობას ოდნავ განსხვავებულად დააკომპლექტებენ და, ალბათ, ბელგიაში გაშვებულებს ცოტა უფრო მეტ შანს მისცემენ“, – ამბობს „სერენის“ მწვრთნელი.

„მეცი“ ახალი სეზონიდან ვერ შეძლებს ამდენივე მოთამაშის იჯარით გაშვებას. თუ გავითვალისწინებთ ვითარების აქტუალურობას და იმასაც, რომ მომავალ სეზონში, დიდი ალბათობით, გუნდს ლიგა 1-ში დაბრუნებაზე ფიქრი მოუწევს, კლუბის ინტერესშია, რომ თავისი ფეხბურთელები შეინარჩუნოს“, – წერს გამოცემა.