ფრანგული გამოცემა - მიქაუტაძისა და კრასოს დაპირისპირება „მეცის“ თავდამსხმელმა მოიგო #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - მიქაუტაძისა და კრასოს დაპირისპირება „მეცის“ თავდამსხმელმა მოიგო #1TVSPORT

„მიქაუტაძემ კრასო ნოკაუტში ჩააგდო“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა წერილი ფრანგულმა გამოცემა Envertetcontretous-მა და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირობისთვის მებრძოლი თავდამსხმელების დაპირისპირება შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის უკანასკნელ ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. მეტოქის რიგებში ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ქართველის უშუალო კონკურენტი – ჟან-ფილიპ კრასო თამაშობდა.

მიქაუტაძე „სენტ-ეტიენთან“ კარგად გამოიყურებოდა, დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, ხოლო კრასომ ვერ გაიტანა და ახლა გიორგი ბომბარდირთა დავაში 19 გოლით ლიდერობს, ხოლო კრასოს ანგარიშზე 16 გოლია.

„ჩემპიონატის ორი ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძისა და ჟან-ფილიპ კრასოს დაპირისპირება „მეცის“ შემტევმა მოიგო. თამაშამდე ქართველი 17 გოლით ლიდერობდა და მხოლოდ ერთი გოლით უსწრებდა კრასოს. ახლა მიქაუტაძის აქტივში 19 გოლია და სხვაობა სამამდე გაიზარდა. „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელი ნაკლებად მონდომებული იყო და სიზუსტეც დააკლდა“, – წერს გამოცემა.

ჟან-ფილიპმა თავი მხოლოდ საგოლე გადაცემით მატჩის მიწურულს გამოიჩინა. საერთო ჯამში, ცხრა საგოლე პასი დააგროვა და ამ მაჩვენებლით მიქაუტაძეს გაასწრო, მაგრამ გოლი+საგოლე პასის სისტემით მაინც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლიდერობს, მის ანგარიშზე 26 ქულაა (19 გოლი, 7 საგოლე პასი), ხოლო კრასოს 25 ქულა (16 გოლი, 9 საგოლე პასი) დაუგროვდა.