ფრანგული გამოცემა - „მილანი“ მიქაუტაძის ტრანსფერში ათ მილიონ ევროს იხდის, პაოლო მალდინი ფეხბურთელს შეხვდა #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - „მილანი“ მიქაუტაძის ტრანსფერში ათ მილიონ ევროს იხდის, პაოლო მალდინი ფეხბურთელს შეხვდა #1TVSPORT

ფრანგული გამოცემის, Foot mercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მილანი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის, „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით დაინტერესდა და კლუბს შესაბამისი წინადადებითაც მიმართა. არსებობს შანსი, რომ ზაფხულში მიქაუტაძემ „მეცი“ დატოვოს. ლიგა 2-ის ბომბარდირი ამავე დროს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატიცაა.

„მალე დასრულდება 2022/23 წლების სეზონი, რომლის დროსაც გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ მაისურით ბრწყინავდა. 22 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების ერთ-ერთი კანდიდატია, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო“, – წერს გამოცემა.

ფრანგული გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული „მილანი“. წყარო ირწმუნება, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები წინ მიდის – მილანელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. „მილანის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა ფეხბურთელსა და მის გარემოცვას.

„ჩვენი ინფორმაციით, „მილანმა“ ფრანგულ კლუბს 10 მილიონი ევრო შესთავაზა და მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა ფეხბურთელს. არის ვარაუდი, რომ იტალიაში გადასვლის შემთხვევაში, „მილანმა“ მიქაუტაძე ერთწლიანი იჯარით კვლავ „მეცში“ დატოვოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული კლუბი წელს საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლას მოახერხებს.

„მილანის“ გარდა, მიქაუტაძის ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული ინგლისური „ბარნლი“, რომელმაც მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელს პრემიერლიგაში ითამაშებს. გუნდის ბელგიელ მთავარ მწვრთნელს, ვინსენ კომპანის ქართველი თავდამსხმელის თავის გუნდში ხილვის დიდი სურვილი აქვს.