ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - საზონოვი „ლიონში“ გადასვლას დათანხმდა და მზადაა, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - საზონოვი „ლიონში“ გადასვლას დათანხმდა და მზადაა, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს #1TVSPORT

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის გადაბირებით ლიგა 1-ის ერთ-ერთი გრანდი „ლიონი“ დაინტერესდა.

საბა საზონოვი „ლიონის“ სამიზნეშია

„21 წლის ქართველ მცველთან, საბა საზონოვთან მოლაპარაკებებში „ლიონმა“ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ეს ტრანსფერი ფრანგული კლუბისთვის ამ ზაფხულზე ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ვინაიდან დიდია ალბათობა, რომ ცენტრალურმა მცველმა, კასტელო ლუკებამ გუნდი დატოვოს.

„ლიონის“ მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა საზონოვია. 21 წლის ტანმაღალ (194 სმ) და პერსპექტიულ ცენტრალურ მცველს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი დარჩა. რუსული გუნდი მის ტრანსფერში 3-დან 4 მილიონამდე ევროს ითხოვს. ფეხბურთელი უკვე დათანხმდა „ლიონში“ გადასვლას და მზადაა, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ გამოიყენებს ახალ სეზონში „ლიონი“ საზონოვს: პირველი იდეა იყო, მისი შეძენა და ბელგიურ „მოლენბეკში“ ერთწლიანი იჯარით გაშვება. ბელგიური კლუბი კომპანია Eagle Football Americans-ს ეკუთვნის, ისევე როგორც „ლიონი“, მაგრამ სინალი დიომანდას გაყიდვამ, რომელსაც „ზალცბურგიდან“ აქვს შეთავაზება, შეიძლება გეგმები შეცვალოს, ისევე როგორც DNCG-ის მიერ დაწესებულმა შეზღუდვამ, რომელიც ტრანსფერის დასრულებას ბლოკავს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

DNCG (Direction Nationale du Contrôle de Gestion) არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე. მისი მისიაა, საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის 44 წევრი კლუბის ფინანსური ტრანზაქციების ზედამხედველობა.