ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილს „ბორდოს“ დატოვება არ სურს #1TVSPORT
ფრანგი ჟურნალისტი - დავითაშვილს „ბორდოს“ დატოვება არ სურს #1TVSPORT

გამოცემა Sud Ouest-ის ჟურნალისტმა, კლემენტ კარპენტიემ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ზურიკო დავითაშვილის „ბორდოდან“ წასვლა აქტუალური არ არის.

ის ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა (რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს) მიიღო სანტერესო შეთავაზება, მაგრამ „ბორდოს“ მისი გაშვება სოლიდური კომპენსაციის გარეშე არ სურს.

„გაჭირდება თუ არა დავითაშვილის შენარჩუნება? არ მგონია, რომ ეს ყველაზე რთული საქმე იყოს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დავითაშვილს „ბორდოს“ დატოვება არ სურს.

ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ „ბორდოს“ სოლიდური წინადადებით მიმართავენ ინგლისური, გერმანული ან თუნდაც ფრანგული კლუბები. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად დავითაშვილი წამსვლელ მოთამაშეთა სიაში ნამდვილად არ ფიგურირებს“, – ამბობს ფრანგი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ, webgirondins-ის ინფორმაციით, „ბორდომ“ დავითაშვილის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება მიიღო, მაგრამ მსურველი კლუბი უარით გაისტუმრა. მათი გადაწყვეტილებით, თუ ფინანსურად სასურველი წინადადება არ იქნება, დავითაშვილი მომავალ სეზონშიც „ბორდოში“ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში 29 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 2,5 მილიონ ევროა. „ბორდოს“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვა ბათუმის „დინამოდან“ 1,25 მილიონი ევრო დაუჯდა.