ფრანჩესკო ტოტი - „რომას“ დატოვებას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ მივდივარ
ფრანჩესკო ტოტი - „რომას“ დატოვებას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ მივდივარ

ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ რომში პრესკონფერენცია მოიწვია. ლეგენდამ კლუბის დატოვების შესახებ გამოაცხადა, მანამდე კი მკაცრად გააკრიტიკა „რომას“ ხელმძღვანელობა.

პრესკონფერენციაზე ტოტიმ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გაუსვა ხაზი:

„დაახლოებით 12:41-ზე გავუგზავნე წერილი გენერალურ დირექტორს და შევატყობინე ჩემი გადადგომის შესახებ. იმედი მქონდა, რომ ეს დღე არასოდეს დადგებოდა. ეს იმაზე რთულია, ვიდრე კარიერის დასრულება. ჩემთვის ეს სიკვდილივით იყო. მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე „რომა“ დამეტოვებინა. მაგრამ მე მივდივარ. ამ გადაწყვეტილებაში არ არის ჩემი ბრალი, რადგან არასოდეს მქონდა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. პროექტში ბოლომდე ჩართული არასოდეს ვყოფილვარ. პირველ წელს შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მეორეში უკვე გავაცნობიერე, რისი გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ არასოდეს ვიკრიბებოდით ერთად, არ ვეხმარებოდით ერთმანეთს. მათ იცოდნენ ჩემი გეგმების შესახებ. იცოდნენ, რისი მიცემა მინდოდა კლუბისთვის. მაგრამ არასოდეს უნდოდათ, რომ აქ ვყოფილიყავი. ისინი გამორიცხავდნენ ჩემს მონაწილეობას ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანებისთვის ამეხსნა – რა არ არის ისე და რა უნდა გამოვასწოროთ. ეს დროის უაზრო ხარჯვაში გადადიოდა. არავინ მისმენდა. ისმენდნენ მხოლოდ მითითებებს ლონდონიდან. მათი მთავარი ამოცანაა – რომაელების განდევნა „რომიდან“. ბოლო რვა წლის განმავლობაში, რაც ამერიკელები მოვიდნენ, ისინი ნებისმიერი ხერხით ცდილობდნენ ჩვენს მოცილებას. ბოლოს და ბოლოს, მათ ეს მოახერხეს. მე არ მიმიღია მონაწილეობა დე როსის საკითხის გადაწყვეტაში. მეტიც – ჯერ კიდევ სექტემბერში ვუთხარი რამდენიმე მენეჯერს: თუ მიიჩნევთ, რომ ეს ბოლო სეზონია დანიელე დე როსისთვის, ახლა უთხარით მას ამის შესახებ და არა სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. დანიელე – „რომას“ კაპიტანია და მას პატივი უნდა სცეთ. ვიმეორებდი – ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც „რომას“ შეცვლა შეუძლია – კონტეა. მიხაილოვიჩი, დე ძერბი, გატუზა და გასპერინი – მედია ამ კანდიდატურებს მე მაწერდა, მაგრამ ეს ტყუილია. მე ანტონიოს რამდენჯერმე ველაპარაკე. მან მწვანე შუქი აგვინთო, მაგრამ შემდეგ გარკვეული პრობლემები გაჩნდა და მან გადაიფიქრა. კონტე რომ მოსულიყო, მე დავრჩებოდი. მაგრამ მე დავრჩებოდი მაშინაც, უბრალოდ რომ დაერეკათ, ვიდრე მთავარ მწვრთნელს დანიშნავდნენ. ორი წლის განმავლობაში არ მქონდა პირდაპირი კონტრაქტი პალოტასთან და ბალდინისთან. ისინი არასოდეს მირეკავდნენ, არ მიგზავნიდნენ შეტყობინებებს. თქვენ როგორ იგრძნობდით თავს ასეთ სიტუაციაში? თუ მე „რომაში“ დაბრუნება მიწერია, მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებში. თუ ის ირწმუნებს ჩემს შესაძლებლობებს, კარგი იქნება“.

ფრანჩესკო ტოტის მთელი თავისი კარიერა „რომაში“ აქვს გატარებული. პროფესიული ფეხბურთელის რანგში კლუბში მან 1992-2017 წლებში ითამაშა, გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო იტალიის თასი. კარიერის დასრულების შემდეგ, ტოტიმ მაშინვე მიიღო პოსტი კლუბის სტრუქტურაში.