ფოთის სტადიონზე მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
ფოთის სტადიონზე მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ფოთში, „ფაზისის“ სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ჩანაფიქრის მიხედვით, ახალი არენამ უეფას მესამე კატეგორიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

ამჟამად, სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში შენდება ცენტრალური სტადიონის 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა. ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობაც.

ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსოები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე კი დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედტაბლო.

ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მლნ ლარია.