ფოთის „კოლხეთში“ ისევ ფინანსური კრიზისია
ფოთის „კოლხეთში“ ისევ ფინანსური კრიზისია

ფოთის „კოლხეთის“ ადმინისტრაციამ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კლუბში არსებული ვითარება გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, კლუბმა საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ აუწყა, რომ გუნდში შარშანდელ დავალიანებებთან დაკავშირებით, მწვავე ფინანსური პრობლემები არსებობდა, რომელიც ოპერატიულ გადაწყვეტას საჭიროებდა.

„არსებობს სანქციების ფორმები, რომელთა შორისაა ქულების დაკლება და სანტრანსფერო საქმეების წელიწადნახევრით აკრძალვა. ეს სანქციები ამოქმედდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კლუბი ვერ მოახერხებდა ბურკინა ფასოელი ლეგიონერის, პატერსონ კაბორეს დავალიანების დაფარვას. დღეს გუნდს შეუძლია განაცხადოს, რომ ეს უკანასკნელი პრობლემა მოხსნილია, თუმცა 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ ხუთი ფეხბურთელის დავალიანება, რომლებსაც უახლოეს პერიოდში სხვა ფეხბურთელების დავალიანებაც დაემატება. მიუხედავად ამისა, პირველ ქართულ კლუბში იმედოვნებენ, რომ ვითარების გამოსწორება შესაძლებელია. იმედს ვიტოვებთ, ქალაქის ხელმძღვანელობის თანადგომით დროულად გადაილახება გუნდის წინაშე არსებული ყველა ბარიერი და „კოლხეთი 1913“ ნორმალურ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ეს უკიდურესად აუცილებელია გუნდისათვის, რათა სპორტული შედეგი, რომელიც ბოლო პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულია, კვლავაც გაგრძელდეს და გუნდმა მომავალი სეზონიდან მიზნად ქართული ფეხბურთის ელიტაში ადგილის დაბრუნება დაისახოს“, – წერია ფოთის „კოლხეთის“ განცხადებაში.