ფოთის „კოლხეთის“ ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმებზე იტალიაში ისაუბრეს #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთის“ ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმებზე იტალიაში ისაუბრეს #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი“ ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონისთვის დაკომპლექტებას და მომზადებას იწყებს. პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებმა იტალიაში ისაუბრეს.

„ხელმძღვანელთა შეხვედრა მილანში, „ინტერი“-„ნაპოლის“ მატჩის შემდეგ გაიმართა, სადაც ჩვენი გუნდის შესახებ ისაუბრეს და 2023 წლის სეზონისათვის გარკვეული გეგმებიც დასახეს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ფოთის „კოლხეთი“, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 3-ში გამოდიოდა, სამართავად მამუკა ჯუღელს გადაეცა, კლუბის დირექტორად კი ფოთელი ზაზა ინაშვილი დაინიშნა, რომელიც ფეხბურთელობის დროს გუნდის კაპიტანი იყო, გარკვეული პერიოდი ჯერ – მთავარი მწვრთნელის, მოგვიანებით კი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ ბოლო წლებში ბიზნესში გადაინაცვლა.

ზაზა ინაშვილი მამუკა ჯუღელს საქართველოშიც ხშირად ხვდება და საამისოდ იტალიაში გამგზავრება არ დასჭირდებოდა, რომ არა ერთი დეტალი – „კოლხეთის“ დირექტორი მილანში მსოფლიო ჩემპიონს, კრისტიან ძაკარდოს შეხვდა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში მამუკა ჯუღელის პარტნიორი იყო და მას შემდეგ საქართველოს მიმართ ინტერესი გაუჩნდა.

ეროვნულ ლიგა 2-ში გადასულ გუნდში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტის ვადა 8 ფეხბურთელს ამოეწურა და მათ გუნდი დატოვეს, უმრავლესობა გამოცდილი ვეტერანი იყო: დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე მუმლაძე, გიორგი კახელიშვილი, ბექა კაკუშაძე.

„კოლხეთის“ პრესსამსახური აანონსებს, რომ ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას გუნდი უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.