ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე საფარის დაგება სრულდება #1TVSPORT
ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე საფარის დაგება სრულდება #1TVSPORT

„დასასრულს უახლოვდება ფოთის ცენტრალური სტადიონის მოედნის საფართან დაკავშირებული სამუშაოები. ძალიან მალე იგი საბოლოოდ დასრულდება და მომავალი 2025 წლის სეზონის მატჩებს ფოთის კოლხეთი 1913 საშინაო არენაზე გამართავს“, – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

სამუშაოებს თურქული კომპანია sispitches eastern europe ასრულებს, რომლის გვერდიდან შევიტყვეთ, რომ ფოთის სტადიონზე საფარი იზმირის კომპანიამ დააგო და რომ სამუშაოებში თურქული კომპანიის პროფესიონალური გუნდი იყო ჩართული.

ამ კომპანიამ საფარი ბევრ ცნობილ არენაზე დააგო – სტამბოლის ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე, სუპერლიგის და პირველი დივიზიონის გუნდების, „გალათასარაის“, „რიზესპორის“, „ქასიმფაშას“ და „გოზთეფეს“ სტადიონებზე, ასევე „ბათუმი-არენაზე“.

შეგახსენებთ, რომ ფოთის „კოლხეთმა“ სტადიონის პრობლემის გამო, გასული სეზონის დიდი ნაწილი სხვა ქალაქებში ითამაშა და საკუთარ გულშემატკივრების წინაშე თამაშის საშუალებას მოკლებული იყო.