ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი მიმდინარეობს
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი მიმდინარეობს

ფოთის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი მიმდინარეობს. „კოლხეთი 1913“ ზუგდიდის „ზუგდიდს“ მასპინძლობს. თამაშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ძირითადი ტრიბუნა დასრულდა, ბალახის საფარიც მოწესრიგებულია და ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად, ფოთის საფეხბურთო გუნდი თამაშობს თავის ქალაქში, რაც მახარებს. სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიას აშენებს, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ფოთში, არამედ მთლიანად ამ რეგიონში ბავშვების ჩართულობას. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან კობიაშვილმა.

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. ტრიბუნის მიმდებარედ, 1500 კვ. მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო. ამ ეტაპზე სტადიონი უეფა-ს მე-2 კატეგორიის სტანდარტებით აშენდა. მას შემდეგ, რაც ყველა ტრიბუნა მოეწყობა, სტადიონი უეფა-ს მე-3 კატეგორიის სტანდარტის შესაბამისი უნდა გახდეს, რადგან არსებული ინფორმაციით, შეიძლება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშები და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფოთში გაიმართოს.

ფოთის სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. კონტრაქტორმა ფირმებმა ავანსის სახით თანხა აიღეს, თუმცა ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. ფოთის მერიასა და აღნიშნულ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ სტადიონმა სრულყოფილი სახე მიიღოს, რაც ითვალისწინებს კიდევ სამი ტრიბუნის აშენებას, სტადიონის ეზოსა და პარკინგების კეთილმოწყობას, 5 მილიონ 413 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.