ფორმულა 1-ში სეზონი დაიწყო - პირველი რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო
ფორმულა 1-ში სეზონი დაიწყო - პირველი რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი „მერსედესის“ პილოტის ვალტერი ბოტასის ტრიუმფით დაიწყო. ფინელმა ავსტრიის მოვლენებით მდიდარი გრანპრი მოიგო.

ჯერ კიდევ სარბოლო უქმეების დაწყებამდე, ექსპერტები სვამდნენ კითხვებს – როგორ აისახებოდა ხანგრძლივი პაუზა რბოლების დინამიკაზე. საბოლოოდ, ოთხთვიან პაუზას რბოლაზე მართლაც სერიოზული გავლენა ჰქონდა. ფინიშამდე ოციდან მხოლოდ 11 მანქანამ მიაღწია, ბევრს კი ტექნიკამ უმტყუნა, მაგალითად, ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, მაქს ფერსტაპენს – ნიდერლანდელის ბოლიდის სიჩქარე მე-11 წრეზე დავარდა და „რედ ბულის“ პილოტმა ბოქსებში შეუხვია. ტექნიკური წუნის გარდა, იყო ბევრი ავარია და ტრასიდან მანქანების გავარდნა.

პრობლემები რბოლის გამარჯვებულს, ვალტერი ბოტასსაც ჰქონდა, რომელიც სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა. რბოლის შუაში, ფინელსა და მის თანაგუნდელს ლუის ჰემილტონს აცნობეს, რომ ტექნიკური პრობლემები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ბოტასმა მანქანის რესურსი დაზოგა, რამდენიმე რესტარტს გაუძლო და შეცდომები აიცილა თავიდან. ზედიზედ მეორე სეზონი ფინელმა მოგებით დაიწყო.

მთელი დისტანცია ბოტასს კვალში ედგა ჰემილტონი, რომელიც საკმაოდ სწრაფად გადავიდა სასტარტო მეხუთე ადგილიდან მეორეზე, მაგრამ ფინიშამდე 10 წრით ადრე, რესტარტისას, ლუისი ალექს ალბონს შეეჯახა და ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო. მსოფლიოს ჩემპიონი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ თავისი უახლოესი მდევრის ხუთი წამით ჩამოტოვება ვერ შეძლო და საბოლოოდ, ფინიშის შემდეგ პოდიუმის მიღმა აღმოჩნდა. მეორე და მესამე ადგილები შარლ ლეკლერმა და „მაკლარენის“ პილოტმა, ლანდო ნორისმა დაიკავეს.

შემდეგი რბოლა ისევ ავსტრიაში, 12 ივლისს გაიმართება.