ფორმულა 1-ის სეზონი ჰემილტონის მოგებით დასრულდა
ფორმულა 1-ის სეზონი ჰემილტონის მოგებით დასრულდა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ეტაპი – აბუ დაბის გრანპრი ​ლუის ჰემილტონმა მოიგო, რომელმაც წელს ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაიფორმა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა დასრულებულ სეზონში 11 გრანპრი მოიგო და ახლა, კარიერაში 73 მოგებული ეტაპი დაუგროვდა.
„მერსედესის“ პილოტმა პოულიდან აიღო სტარტი და ლიდერობა პირველ მოსახვევში შეინარჩუნა. ის ერთ-ერთი პირველი გაჩერდა პიტსტოპზე, როცა უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმით ისარგებლა. მაგრამ, როცა მეტოქეები რბოლის შუაში ასევე გავიდნენ ბოქსებში საბურავების გამოსაცვლელად, ჰემილტონი უპრობლემოდ დაბრუნდა პირველ პოზიციაზე და ლიდერობა ფინიშამდე არავის დაუთმო. ბოლო წრეებზე მისი დაწევა სცადა სებასტიან ფეტელმა, მაგრამ „მერსედესისა“ და „ფერარის“ ლიდერებს შორის სხვაობამ, საბოლოოდ, 2.5 წამი შეადგინა.

მესამე ადგილზე აბუ დაბიში „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერტაპენი გავიდა, რომელმაც ​ ვალტერი ბოტასს პოდიუმისთვის ბრძოლაში ხისტი მანევრით გაუსწრო. ამის შემდეგ, ბოტასს „რედ ბულის“ მეორე პილოტმა დანიელ რიკარდომაც აჯობა. ავსტრალიელმა, რომელიც „რედ ბულის“ მანქანით ბოლო რბოლას ატარებდა, ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ბოლო რბოლა ჩაატარა ფორმულა 1-ში ესპანელმა ლეგენდამ ფერნანდო ალონსომ. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ტოპ-ათეულში შესასვლელად ერთი პოზიცია არ ეყო. ფინიშამდე ვერ მივიდა კიმი რაიკონენი, რომელიც „ფერარის“ დაემშვიდობა. გაისად, ფინელს „ზაუბერის“ გუნდში ვიხილავთ.

მაშ ასე, ლუის ჰემილტონმა 408 ქულით მოიგო ჩემპიონატი. მეორეზე გავიდა სებასტიან ფეტელი – 320 ქულა, მესამეზე – კიმი რაიკონენი (251).

კონსტრუქტორთა თასი „მერსედესმა“ დაისაკუთრა. ამ გუნდმა 655 ქულით გუნდური პირველობა მოიგო. სამეულში არიან: „ფერარი“ (571) და „რედ ბული“ (419).