ფორმულა 1 | მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა 2025 წლის სეზონში პირველი რბოლა მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1 | მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა 2025 წლის სეზონში პირველი რბოლა მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მესამე ეტაპს იაპონიამ უმასპინძლა. რბოლა „რედ ბულის“ ნიდერლანდელის პილოტის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.

ფერსტაპენი რბოლას პირველი პოზიციიდან იწყებდა, მის უკან კი „მაკლერენის“ წარმომადგენლები – ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი იდგნენ.

ნიდერლანდელმა სტარტის დროს პოზიცია შეინარჩუნა და მთელი რბოლის მანძილზე უპირატესობა არ დაუთმია (1:22:06.983). მეორე ადგილი ლანდო ნორისმა (+1.423) დაიკავა, ხოლო ოსკარ პიასტრის (+2.129) პოდიუმის ბოლო, მესამე ადგილი ხვდა წილად. ეს გამარჯვება ფერსტაპენისთვის კარიერაში 64-ე იყო.

იაპონიის გრანპრი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ტრასაზე ვითარება არ დაძაბულა. ერთადერთი ინციდენტი პიტსპოტის გამოსავლელში ფერსტაპენსა და ნორისს შორის მოხდა, როდესაც ბრიტანელმა მიიჩნია, რომ ნიდერლანდელმა ის ტრაექტორიიდან გადააგდო, თუმცა რბოლის დირექციამ ფერსტაპენი არ დასაჯა.

შედეგად, 2025 წლის სეზონს სამი რბოლის შემდეგ ინდივიდუალურ ჩათვლაში ლანდო ნორისი ლიდერობს, მას 62 ქულა აქვს. მეორე ფერსტაპენია 61 ქულით, ხოლო მესამე – პიასტრი 49 ქულით.

რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასს, 111 ქულით ლიდერი „მაკლარენია“. 75 ქულა აქვს მეორეადგილოსან „მერსედესს“, ხოლო 61 – მესამეადგილოსან „რედ ბულს“.

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მეოთხე ეტაპი ბაჰრეინში 11-13 აპრილს ჩატარდება.

იაპონიის გრანპრი 2025 ქულები:

  1. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 25 ქულა
  2. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 18 ქულა
  3. ოსკარ პიასტრი („მაკლერენი“) – 15 ქულა
  4. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 12 ქულა
  5. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 10 ქულა
  6. ანდრეა კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 8 ქულა
  7. ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 6 ქულა
  8. ისაკ ჰაჯარი („რეისინგ ბულსი“) – 4 ქულა
  9. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 2 ქულა
  10. ოლივერ ბირმანი („ჰაასი“) – 1 ქულა