ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენმა ემილია-რომანიას გრანპრი მოიგო #1TVSPORT
ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენმა ემილია-რომანიას გრანპრი მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მეშვიდე ეტაპი იტალიაში ჩატარდა. ემილია-რომანიას გრანპრი „რედ ბულის“ ნიდერლანდელმა პილოტმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო.

მაქს ფერსტაპენისთვის ეს მიმდინარე სეზონში – მეორე, ხოლო კარიერაში 65-ე გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიულ გუნდს ფორმულა 1-ში ისტორიაში 200 მოგება დაუგროვდა.

რბოლას პირველ ადგილზე „მაკლარენის“ ავსტრალიელი პილოტი, ჩემპიონატის ლიდერი ოსკარ პიასტრი იწყებდა, ხოლო ფერსტაპენი მეორე იყო. ნიდერლანდელმა მას სტარტზევე გადაასწრო და შემდეგ მთელი რბოლის მანძილზე ლიდერის სტატუსი არ დაუთმია.

საბოლოოდ, რბოლა მეორე ადგილზე „მაკლარენიდან“ ლანდო ნორისმა დაასრულა, ხოლო პიასტრი მესამე ადგილს დასჯერდა.

ემილია-რომანიაში გამართულ რბოლას მე-11 და მე-12 ადგილებიდან იწყებდნენ „ფერარის“ პილოტები, შარლ ლეკლერი და ლუის ჰამილტონი. საბოლოოდ, ჰამილტონი მეოთხეზე გავიდა, ხოლო ლეკლერი – მეექვსეზე. სურპრიზი იყო „ვილიამსის“ წარმატებაც.

ემილია-რომანიას გრანპრი 2025, ქულები:

1. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 25 ქულა (1:31:33.199)
2. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 18 ქულა (+6.109)
3. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 15 ქულა (+12.956)
4. ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 12 ქულა (+14.356)
5. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 10 ქულა (+17.945)
6. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 8 ქულა (+20.774)
7. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 6 ქულა (+22.034)
8. კარლოს საინსი („ვილიამსი“) – 4 ქულა (+22.898)
9. ისაკ ჰაჯარი („რეისინგ ბულსი“) – 2 ქულა (+23.586)
10. იუკი ცუნოდა („რედ ბული“) – 1 ქულა (+26.446)

შედეგად, 2025 წლის სეზონს პილოტთა ინდივიდუალურ ჩათვლაში 146 ქულით ოსკარ პიასტი ლიდერობს. მეორე ადგილზე 133 ქულით მისი თანაგუნდელი ლანდო ნორისია, მესამეზე – 124 ქულით მაქს ფერსტაპენი „რედ ბულიდან“, ხოლო მეოთხე ადგილს 99 ქულით „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ჯორჯ რასელი იკავებს.

რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასს, „მაკლარენი“ 279 ქულით პირველზეა. 147 ქულა აქვს მეორეადგილოსან „მერსედესს“, 131 – მესამე ადგილზე მყოფ „რედ ბულს“, ხოლო „ფერარი“ 114 ქულით მეოთხეა.

ფორმულა 1-ში შემდეგი ეტაპი 23-25 მაისს მონაკოს საქალაქო ტრასაზე ჩატარდება.