ფორმულა 1-მა სპრინტული რბოლის ახალი ფორმატი დაამტკიცა #1TVSPORT
ფორმულა 1-მა სპრინტული რბოლის ახალი ფორმატი დაამტკიცა #1TVSPORT

ფორმულა 1-მა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ფორმატი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს სპრინტული რბოლები ჩატარდება.

აქამდე არსებული ფორმატით, იმ ტრასებზე, რომლებიც სპრინტულ რბოლებს მასპინძლობდნენ, პარასკევ დღეს ერთი თავისუფალი ვარჯიში ტარდებოდა და კვალიფიკაცია, რომელიც სპრინტული რბოლისთვის სასტარტო ბადეს ადგენდა. შაბათს – მეორე თავისუფალი ვარჯიში და სპრინტული რბოლა, რომელშიც დაკავებული ადგილების მიხედვით, კვირის მთავარი მოვლენისთვის სასტარტო ბადე ვლინდებოდა.

ახალი რეგლამენტის თანახმად, პარასკევს ერთი თავისუფალი ვარჯიში და კვირის მთავარი რბოლისთვის კვალიფიკაცია გაიმართება, ხოლო შაბათი დღე მთლიანად სპრინტს დაეთმობა. ჯერ მისი კვალიფიკაცია შედგება, ხოლო მოგვიანებით მრბოლელები მოკლე, 100 კმ-იან რბოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შაბათს ნაჩვენებ შედეგს კვირის მთავარ ღონისძიებაზე გავლენა არ ექნება და ავტომობილები ტრასაზე იმ თანმიმდევრობით განლაგდებიან, რა შედეგსაც პარასკევ დღეს აჩვენებენ.

სპრინტული რბოლის კვალიფიკაცია განსხვავებული იქნება ტრადიციული რბოლის კვალიფიკაციისგან. პირველი სეგმენტი 12 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, მეორე  – 10 წუთის, ხოლო მესამე – რვა წუთის. პირველ და მეორე სეგმენტში მრბოლელებს მოეთხოვებათ საშუალო ტიპის საბურავების ახალი კომპლექტი გამოიყენონ, ხოლო მესამეში – რბილი ტიპის.

სპრინტისთვის არსებული ქულათა სისტემა არ შეიცვლება. პირველ ადგილზე გასული რვა ქულას მიიღებს და ასე თანმიმდევრობით მერვე ადგილის ჩათვლით. მერვეზე გასული მრბოლელი ერთი ქულის მფლობელი გახდება ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში.

ფორმულა 1-ის მიერ დაწესებული ახალი ფორმატი ძალაში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩასატარებელი აზერბაიჯანის გრანპრიდან შევა. ბაქოს ქუჩები მსფოლიოში უსწრაფეს 20 პილოტს 28-30 აპრილს უმასპინძლებს.

მიმდინარე წელს სპრინტული რბოლები ფორმულა 1-ის ექვსმა ტრასამ უნდა მიიღოს, ესენია: აზერბაიჯანი (ბაქოს საქალაქო ტრასა), ავსტრია („რედ ბულ რინგი“), ბელგია (სპა-ფრანკოშამპი), კატარი (ლოსაილი), აშშ (ამერიკის ტრასა), სან პაოლო (ინტერლაგოსის ტრასა).

ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონს „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტი, მაქს ფერსტაპენი ლიდერობს, რომელსაც სამი გრანპრის შემდეგ 69 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ თანაგუნდელს, მექსიკელ სერხიო პერესს 15 ქულით უსწრებს.