ფორმულა 1 | ლუის ჰამილტონი - „ფერარის“ ახალი ბოლიდის მართვით დიდი სიამოვნება მივიღე #1TVSPORT
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, 40 წლის ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონისთვის „ფერარისთან“ ერთად აქტიურ მზადებას აგრძელებს.
ამჟამად ფორმულა 1-ის პილოტები ბაჰრეინში იმყოფებიან, სადაც სეზონისწინა ტესტები ტარდება. სამდღიანი ტესტირების მეორე დღეს, 27 თებერვალს, დღის სესიაში „ფერარის“ ახალწვეულმა საუკეთესო დრო დააფიქსირა (1:29.379), ხოლო მთლიანად მეორე დღის საუკეთესო შედეგს, რომელიც „უილიამსის“ პილოტმა, კარლოს საინსმა აჩვენა, მხოლოდ 0.031 წამით ჩამორჩა.
მეორე დღის სატესტო გარბენის შემდეგ ჰამილტონმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ახალ გუნდში თავს კარგად გრძნობს და „ფერარის“ ბოლიდის მართვა მისთვის დიდი სიამოვნებაა.
„მართლა ვისიამოვნე ამ ბოლიდის მართვით. ვფიქრობ, ნელ-ნელა მე და გუნდი ერთმანეთს ვუახლოვდებით. გუშინდელი დღე ასე თუ ისე ნორმალური იყო, არც კარგი, არც ცუდი. მაგრამ ჩვენი გეგმა შევასრულეთ. დღეს კი უფრო მეტად ავუღე ალღო ჩემს ინჟინერთან ურთიერთობას. ამ ბოლიდის მართვით დიდი სიამოვნება მივიღე.
არ ვუყურებთ, რას აკეთებენ სხვა გუნდები, ჩვენს თავზე ვართ კონცენტრირებულნი და ვცდილობთ, პროცესისგან მეტი ვისწავლოთ. თითოეული წრის გავლის შემდეგ რაღაც ახალს ვიღებ და თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ ბოლიდში კონტროლის განსხვავებულ სისტემასთან, რომელთან შეხებაც აქამდე მქონია“, – დასძინა 40 წლის მრბოლელმა.
ლუის ჰამილტონი 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონი „მაკლარენთან“ ერთად გახდა, ხოლო 2014, 2015, 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში ჩემპიონობა „მერსედესთან“ ერთად იზეიმა. ის „ფერარის“ წელს შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის პირველი რბოლა 16 მარტს ავსტრალიაში, მელბურნში გაიმართება.