ფორმულა 1 | ლანდო ნორისი სან პაულუს გრანპრის გამარჯვებულია, „მერსედესმა“ კონსტრუქტორთა თასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო #1TVSPORT

22:55, 08.11.2026

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მე-20 ეტაპი, ბრაზილიის გრანპრი „მაკლარენის“ პილოტმა, ლანდო ნორისმა მოიგო. სან პაულუს „ინტერლაგოსის“ ტრასაზე გამართულ რბოლაში ბრიტანელმა მრბოლელმა მაქს ფერსტაპენსა და ისაკ ჰაჯარს აჯობა, „მერსედესმა“ კი კონსტრუქტორთა თასის გამარჯვებულის ტიტული ოფიციალურად მოიპოვა.

ნორისმა რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო, თუმცა სტარტზე ლიდერობა კიმი ანტონელის დაუთმო. მოგვიანებით იტალიელი მრბოლელი მოტრიალდა და პოზიციები დაკარგა. ცვალებადი ამინდისა და რამდენჯერმე შეცვლილი სტრატეგიის მიუხედავად, ნორისმა უპირატესობა შეინარჩუნა და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა. მან ბრაზილიის გრანპრი ზედიზედ მეორედ მოიგო.

შთამბეჭდავი რბოლა ჩაატარა „რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა, რომელმაც სტარტი 21-ე პოზიციიდან აიღო, საბოლოოდ კი მეორე ადგილზე გავიდა. პოდიუმის მესამე საფეხური მისმა თანაგუნდელმა, ისაკ ჰაჯარმა დაიკავა.

რაც შეეხება „მერსედესს“, ჯორჯ რასელმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო ერთი კვირის წინ გაჩემპიონებულმა კიმი ანტონელიმ ფინიშის ხაზი მეხუთემ გადაკვეთა. ამ შედეგებით გერმანულმა გუნდმა კონსტრუქტორთა ჩემპიონატი სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე მოიგო.

„მერსედესმა“ ტიტული 2021 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა და 2026 წლის სეზონში ორივე მთავარი ჩემპიონატი მოიგო – პილოტებს შორის მსოფლიო ჩემპიონი 20 წლის კიმი ანტონელი გახდა.

სან პაულოს გრანპრის შემდეგ „მერსედესს“ 652 ქულა დაუგროვდა, მეორეადგილოსან „ფერარის“ კი – 512. ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ სამ ეტაპზე ეს სხვაობა უკვე მიუწვდომელია.

ბრაზილიის გრანპრის საუკეთესო ათეული:

1. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) — 25 ქულა
2. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) — 18 ქულა
3. ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) — 15 ქულა
4. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) — 12 ქულა
5. კიმი ანტონელი („მერსედესი“) — 10 ქულა
6. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) — 8 ქულა
7. შარლ ლეკლერი („ფერარი“) — 6 ქულა
8. ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) — 4 ქულა
9. ლუის ჰამილტონი („ფერარი“) — 2 ქულა
10. ნიკო ჰიულკენბერგი („აუდი“) — 1 ქულა

2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | პილოტები:

1. კიმი ანტონელი („მერსედესი“) — 390 ქულა
2. მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) — 279 ქულა
3. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) — 262 ქულა

2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | კონსტრუქტორები:

1. „მერსედესი“ — 652 ქულა
2. „ფერარი“ — 512 ქულა
3. „რედ ბული“ — 415 ქულა

ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი 19-21 ნოემბერს ლას ვეგასში ჩატარდება.

მსგავსი