ფორმულა 1 | კანადის გრან პრიზე ყველაზე მეტი ტიტული შუმახერსა და ჰემილტონს აქვთ მოგებული #1TVSPORT
ფორმულა 1 | კანადის გრან პრიზე ყველაზე მეტი ტიტული შუმახერსა და ჰემილტონს აქვთ მოგებული #1TVSPORT

ბარსელონის შემდეგ ფორმულა 1 კანადას ესტუმრება. სამეფო რბოლებს მონრეალში მდებარე ჟილ ვილნევის სახელობის ტრასა უმასპინძლებს.

კანადის გრან პრი პირველად 1961 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა. კანადელებმა პირველ ისტორიულ ეტაპს ონტარიოში მდებარე „მოსპორტ პარკზე“ უმასპინძლეს,  ხოლო 1978 წლიდან კანადური ეტაპის მასპინძლობის პატივი ადგილობრივი მრბოლელის, ჟილ ვილნევის სახელობის ტრასამ მიიღო.

კანადის გრან პრიმ ფორმულა 1-ს 57-ჯერ უმასპინძლა. ესპანეთის მსგავსად, კანადაშიც ყველაზე მეტი გამარჯვება მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონებს, მაიკლ შუმახერს და ლუის ჰემილტონს აქვთ. მათ ფინიშის ხაზი პირველებმა 7-7-ჯერ გადაკვეთეს, ხოლო ყველაზე წარმატებული გუნდი ამჯერადაც „ფერარია“, რომლის მრბოლელებმა კანადაში 14-ჯერ იმარჯვეს.

„ჟილ ვილნევის სახელობის ტრასა“ 1978 წლიდან დღემდე ოთხჯერ შეიცვალა. ბოლო ცვლილება კი 2002 წელს მოხდა. კანადაში DRS-ის აქტივაციის – სამი, ხოლო დეტექციის ორი ზონაა, ერთი წრის სიგრძე 4 კილომეტრი და 361 მეტრია, სარბოლო მანძილი 305 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მრბოლელებს 70 წრის გავლა უწევთ.

კანადაში ბოლოს, 2022 წელს „რედ ბულის“ მრბოლელმა, მაქს ვერსტაპენმა გაიმარჯვა, მეორე-მესამე პოზიციები კი კარლოს საინსმა და ლუის ჰემილტონმა დაიკავეს. კანადის გრან პრი ფორმულა 1-ის კალენდარში, მინიმუმ, 2031 წლამდე იქნება.

ჟილ ვილნევის სახელობის ტრასაზე სამეფო რბოლები 16-18 ივნისს გაიმართება. პირველი ვარჯიში პარასკევს, 16 ივნისს, 20:30 საათზე ჩატარდება, მეორე  და მესამე  ვარჯიში შაბათს, 17 ივნისს, 01:00  და 20:30 საათზე დაიწყება. კვირას 00:00-ზე კვალიფიკაცია ჩატარდება, ხოლო 22:00-ზე მთავარი მოვლენა, რბოლა აიღებს სტარტს.

თემურ სურგილაძე