ფორმულა 1 | იტალიური გამოცემა Gazzetta-ს ინფორმაციით, „ასტონ მარტინი“ მაქს ფერსტაპენს სამწლიან კონტრაქტს და ანაზღაურების სახით 264 მილიონ ევროს სთავაზობს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ასტონ მარტინი“ მაქს ფერსტაპენს უპრეცედენტო ხელფასს სთავაზობს. ბრიტანული გუნდი მზადაა, ფორმულა 1-ის მოქმედ ჩემპიონს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და 264 მილიონი ევრო გადაუხადოს.
აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი დაფინანსდება საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის (PIF) მიერ, რომელიც გუნდის სპონსორი და აქციონერია. აღნიშნული ფონდი „ასტონ მარტინის“ სრულ შესყიდვასაც განიხილავს. როგორც ცნობილია, არაბი ინვესტორები ფორმულა 1-ის სამყაროში უფრო ღრმად შესვლას გეგმავენ და ფერსტაპენის ტრანსფერს, როგორც მათთვის ისტორიულ ნაბიჯს, ისე აფასებენ.
გუნდის სამომავლო გეგმები მეტად ამბიციურია. უკვე ცნობილი გახდა, რომ 2026 წლიდან „ასტონ მარტინი“ „ჰონდას“ ძრავზე გადავა და სწორედ ამ სეზონისთვის სურს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ამ პროექტში ერთ-ერთი მთავარი ფიგურად კი ფერსტაპენი მოიაზრება.
პილოტი „რედ ბულთან“ კონტრაქტით 2028 წლამდეა დაკავშირებული, თუმცა არსებობს ხელშეკრულების გაუქმების გარკვეული მექანიზმებიც. სწორედ ამიტომ, არაბი ინვესტორები ფერსტაპენისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობების შეთავაზებას გეგმავენ.
თავის მხრივ, „რედ ბულის“ გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან ჰორნერმა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფერსტაპენი 2026 წელსაც ავსტრიულ გუნდში იასპარეზებს, თუმცა თავად პილოტს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება „ასტონ მარტინის“ პოზიციას, გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პატივს სცემენ ფერნანდო ალონსოსა და ლენს სტროლის მოქმედ კონტრაქტებს და მიმდინარე სეზონის ბოლომდე სერიოზულ ცვლილებებს არ ელიან. თუმცა გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფორმულა 1-ის ყველაზე გავლენიანი გუნდის შექმნისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო.