ფორმულა 1-ის სეზონი ჰემილტონის მოგებით დასრულდა
ფორმულა 1-ის სეზონი ჰემილტონის მოგებით დასრულდა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა კარიერაში 84-ე რბოლა მოიგო. გარდა ამისა, ეს იყო ჰემილტონის მე-11 გამარჯვება სეზონში და მეხუთე – აბუ დაბის ტრასაზე. ბრიტანელი პოულს ფლობდა, სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობა ხელიდან არ გაუშვია და 2019 წლის სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

ბრიტანელმა შესანიშნავი რეაქცია აჩვენა სტარტზე და მეტოქეები უკან კომფორტული მანძილით მალე ჩამოიტოვა. ჰემილტონმა გვიანი პიტსტოპი შეასრულა, რამაც გაამართლა და საბოლოოდ, ფინიშზე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა უახლოეს მდევარს 16 წამი მოუგო.

მეორე ადგილისთვის ბრძოლა გაიმართა შარლ ლეკლერსა და მაქს ფერსტაპენს შორის. მონაკოელმა პირველ წრეზე ერთი ადგილი მოიგო და დიდი ხანი იმყოფებოდა მეორე პოზიციაზე, მაგრამ პიტსტოპების სერიის შემდეგ, ფერსტაპენმა დაიბრუნა დაკარგული პოზიცია. ამის შემდეგ, ლეკლერი ორი პიტსტოპის ტაქტიკაზე გადავიდა და 26 წამით ჩამორჩა ფერსტაპენს. აღსანიშნავია, რომ, ამ პილოტებს შორის ბრძოლა მიდიოდა საერთო ჩათვალაში მესამე ადგილისთვის, რომელიც, საბოლოოდ, ფერსტაპენმა მოიპოვა. მივიღეთ ის, რომ „ფერარის“ ვერც ერთი პილოტი გენერალური კლასიფიკაციის პირველ სამეულში ვერ მოხვდა.

ერთი ნაბიჯი დააკლდა პოდიუმამდე ვალტერი ბოტასს, რომელმაც ძრავის გამოცვლის გამო, ბოლო ადგილიდან აიღო სტარტი და მეოთხე პოზიციამდე გაიკვლია გზა. ფინელმა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ტოპ-ექვსეული შეავსეს სებასტიან ფეტელმა და ალექს ალბონმა.

2020 წლის ჩემპიონატი 15 მარტს ავსტრალიის გრანპრით დაიწყება.