ფორმულა 1 I „რედ ბული“ საკუთარი ბოლიდის განსავითარებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს #1TVSPORT
ფორმულა 1 I „რედ ბული“ საკუთარი ბოლიდის განსავითარებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს #1TVSPORT

ხელოვნური ინტელექტი ფორმულა 1-ის სამყაროშიც შედის. როგორც „რედ ბულის“ მთავარმა დიზაინერმა, კრეიგ სკინერმა Talking Bulls-ის პოდკასტში განაცხადა, ავსტრიული გუნდი სამომავლოდ ბოლიდის განსავითარებლად მის გამოყენებას აპირებს.

სკინერის თქმით, „რედ ბულში“ უკვე ატარებენ ცდებს, თუ როგორ მოერგება ხელოვნური ინტელექტის სისტემა მათ სფეროს. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ სისტემამ აღმოაჩინოს გზა, რომელიც ბოლიდის აჩქარებას შეუწყობს ხელს.

„პრობლემის პოვნის კუთხით ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენმა ინჟინრებმა სისტემას უნდა აუხსნან, რა განაპირობებს მანქანის სისწრაფეს და როგორ უნდა დაიხვეწოს მისი სხვადასხვა კომპონენტი.

ინტელექტის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ინჟინერთა გუნდმა უნდა დაადგინოს გზა, რომელიც ბოლიდს უფრო სწრაფს გახდის“, – განაცხადა სკინერმა.

ამჟამად „რედ ბული“ ბრიტანელი ინჟინერის, ადრიან ნიუის ფილოსოფიას ეყრდნობა თავისი ბოლიდის განვითარების კუთხით. ავსტრიული გუნდი ფორმულა 1-ში ამ მომენტისთვის უკონკურენტოა. 2023 წელს ჩატარებული ყველა რბოლა „ხარების“ პილოტებმა მოიგეს. ჩემპიონატს 281 ქულით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი სერხიო პერესია, რომელსაც 171 ქულა აქვს.

ფორმულა 1-ში „რედ ბული“ 2005 წლიდან გამოჩნდა. მას შემდეგ გუნდი კონსტრუქტორთა ჩემპიონი ხუთჯერ (ოთხჯერ – „რენოს“, ხოლო ერთხელ „ჰონდას“ ძრავით) გახდა, ხოლო ინდივიდუალურ ჩათვლაში მისმა პილოტებმა ექვსჯერ (ოთხჯერ სებასტიან ფეტელი, ორჯერ მაქს ფერსტაპენი) მოახერხეს მსოფლიო ჩემპიონობა. ნიუისთან ერთად გუნდი უკვე მუშაობს საკუთარი ძრავის წარმოებაზე, რაშიც ავსტრიელებს „ჰონდას“ ინჟინრები ეხმარებიან.