ფორმულა 1 | აზერბაიჯანის გრანპრი მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მე-17 ეტაპი აზერბაიჯანში, ბაქოს საქალაქო ტრასაზე გაიმართა და „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
ფერსტაპენი რბოლას პირველი პოზიციიდან იწყებდა და სრული 51 წრის მანძილზე ლიდერობა არ დაუთმია. მეორე ადგილზე „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ჯორჯ რასელი გავიდა, ხოლო პოდიუმის ბოლო, მესამე პოზიცია, ყველასთვის მოულოდნელად, „ვილიამსის“ ესპანელ პილოტს, კარლოს საინსს ხვდა წილად, რომელიც კვალიფიკაციის შემდეგ მეორე ადგილზე იდგა.
ნიდერლანდელისთვის აღნიშნული გამარჯვება სეზონში მეოთხე იყო, ხოლო კარიერაში – 67-ე.
აღსანიშნავია, რომ რბოლას დასაწყისშივე გამოეთიშა ჩემპიონატის ლიდერი, „მაკლარენის“ წარმომადგენელი ოსკარ პიასტრი, რომელმაც მოსახვევში გვიან დაამუხრუჭა და ბარიერს შეეჯახა. მისი თანაგუნდელი ლანდო ნორისი კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
აზერბაიჯანის გრან პრის შემდეგ ფორმულა 1-ის მიმდინარე წლის სეზონს პილოტთა შორის კვლავ პიასტრი ლიდერობს, მას 324 ქულა აქვს, ნორისი მეორეა 299 ქულით, ხოლო ოთხგზის ჩემპიონი ფერსტაპენი – მესამე 255 ქულით.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატში „მაკლარენს“ დიდი უპირატესობა აქვს, ბრიტანული გუნდის ანგარიშზე 623 ქულაა და უახლოეს მდევარს, „მარსედესს“ 333 ქულით აღემატება.