ფორმულა 1 | ამერიკის გრანპრი კიმი ანტონელიმ მოიგო #1TVSPORT

12:17, 26.10.2026

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მორიგი ეტაპი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოსტინის ტრასაზე გაიმართა და „მერსედესის“ პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. 20 წლის იტალიელი მრბოლელისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეცხრე გამარჯვება იყო.

ანტონელიმ რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო, ლიდერობა სტარტზევე შეინარჩუნა და 56-წრიანი დისტანცია დამაჯერებლად გაიარა. „მერსედესის“ წარმატებული სტრატეგიის წყალობით, იტალიელმა მხოლოდ ერთი პიტსტოპი შეასრულა და უახლოეს მდევარს 13 წამზე მეტით აჯობა.

მეორე ადგილზე „ფერარის“ წარმომადგენელი შარლ ლეკლერი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია „რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა დაიკავა. მეოთხე ადგილზე ლუის ჰამილტონი („ფერარი“) გავიდა, მეხუთეზე კი – ლანდო ნორისი („მაკლარენი“). ჩემპიონატში ანტონელის მთავარი კონკურენტი ჯორჯ რასელი („მერსედესი“) მერვე ადგილს დასჯერდა.

კიმი ანტონელის აქვს შანსი, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მომდევნო გრანპრიზე გახდეს – ამისთვის მან მექსიკაში გამოსვლა რასელსა და ჰამილტონზე წინ უნდა დაასრულოს.

ამერიკის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა

შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 18 ქულა

მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 15 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 12 ქულა

ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 10 ქულა

ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) – 8 ქულა

ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 6 ქულა

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 4 ქულა

ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 2 ქულა

პიერ გასლი („ალპინი“) – 1 ქულა

2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | პილოტები:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 365 ქულა

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 242 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 241 ქულა

2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | კონსტრუქტორები:

„მერსედესი“ – 607 ქულა

„ფერარი“ – 474 ქულა

„რედ ბული“ – 355 ქულა

ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი პირველ ნოემბერს მექსიკაში გაიმართება.

მსგავსი