ფორმულა 1 აფრიკაში ბრუნდება – რუანდა 2030-იანი წლებიდან გრანპრის უმასპინძლებს #1TVSPORT
ფორმულა 1-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2030-იანი წლების დასაწყისიდან მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარს აფრიკის გრანპრი დაემატება, რომელსაც რუანდა უმასპინძლებს. ამგვარად, ფორმულა 1 თითქმის 40-წლიანი პაუზის შემდეგ აფრიკის კონტინენტზე დაბრუნდება.
მხარეებს შორის 10-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. რბოლა რუანდის დედაქალაქ კიგალის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბუგესერაში გაიმართება, სადაც სპეციალურად ფორმულა 1-ისთვის ახალი ტრასა აშენდება. ორგანიზატორების განცხადებით, ავტოდრომი მომდევნო ათწლეულის დასაწყისში იქნება მზად.
„დღეს ფორმულა 1-ის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. რუანდის კალენდარში დამატებით ჩვენი ჩემპიონატი ყველა დასახლებულ კონტინენტზე იქნება წარმოდგენილი და გულშემატკივრებთან კიდევ უფრო ახლოს მივალთ. აფრიკაში დაბრუნება დიდი ხნის მიზანი იყო, თუმცა გვსურდა, ეს სწორი პარტნიორის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მკაფიო ხედვის საფუძველზე მომხდარიყო“, – განაცხადა ფორმულა 1-ის პრეზიდენტმა, სტეფანო დომენიკალიმ.
რუანდის პრეზიდენტმა, პოლ კაგამემ კიგალიში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ფორმულა 1-ის მასპინძლობა არა მხოლოდ მისი ქვეყნისთვის, არამედ მთელი აფრიკისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კონტინენტზე სხვა რბოლებიც გაიმართება.
აფრიკაში ფორმულა 1-ის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონია. 41 წლის ბრიტანელი პილოტი, რომელიც ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთადერთი შავკანიანი მრბოლელია, წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა, აფრიკის კონტინენტს მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპისთვის ემასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ რუანდა აფრიკის მესამე ქვეყანა გახდება, სადაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლა ჩატარდება. 1958 წელს გრანპრის მაროკომ უმასპინძლა, ხოლო ბოლოს კონტინენტზე შეჯიბრება 1993 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კაიალამის ტრასაზე გაიმართა.
BREAKING: Formula 1 returns to Africa with 10 year agreement to race in Rwanda
The African Grand Prix is set to join the F1 calendar in the early 2030s
#F1 https://t.co/IlsKseMnNa
— Formula 1 (@F1) October 13, 2026