Football Leaks – ჯანი ინფანტინო უეფა-ში მუშაობისას „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს დარღვევებს მალავდა #1TVSPORT
Football Leaks-ის დამფუძნებელმა რუი პინტუმ განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ ფინანსური წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებოდა.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ სიტი“ დამნაშავედ ცნეს პრემიერლიგის ფინანსური წესების თითქმის ყველა პუნქტის დარღვევაში, რაც რამდენიმე დღის წინ, პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა.
„ჯერ კიდევ 2014 წელს არსებობდა ადამიანი, რომელმაც უკვე იცოდა „მანჩესტერ სიტისთან“ დაკავშირებული დარღვევების შესახებ. ყველასთვის ცნობილმა ჯანი ინფანტინომ, რომელსაც მაშინ უეფა-ს გენერალური მდივნის პოსტი ეჭირა, ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და გააცურა საგამოძიებო პალატა – გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ „მანჩესტერ სიტის“ და „პარი სენ-ჟერმენს“ მხოლოდ ფულადი ჯარიმა მიეღოთ და თვიდან აეცილებინათ უფრო ღრმა გამოძიება, რასაც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის აკრძალვამდე მიეყვანა საქმე.
ყველა ეს დეტალი Football Leaks-ის წყალობით გახდა ცნობილი. უეფა-ს გენერალური მდივნისა და, მოგვიანებით, ფიფა-ს პრეზიდენტის რანგში მისი ქმედებების გათვალისწინებით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯანი ინფანტინო ფეხბურთისთვის კიბოს სიმსივნედ იქცა და მომავალში ამ სპორტში მისი ადგილი აღარ უნდა იყოს“, – განაცხადა პინტუმ.