Football Insider-ის ჟურნალისტი - „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილს არ გაუშვებს, რადგან, შესაძლოა, ზაფხულში ალისონი წავიდეს #1TVSPORT
„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე შეთავაზებებს უარით უპასუხებს, რადგან ალისონ ბეკერის მომავალი გაურკვეველია, – ამის შესახებ გამოცემა Football Insider-ის ტრანსფერების ექსპერტი პიტ ო’რურკი წერს.
„რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი მამარდაშვილს აკვირდება, თუმცა ზაფხულში ის „ლივერპულში“ დარჩება. წყაროებმა Football Insider-ს განუცხადეს, რომ ალისონის მიერ კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება მის შესაძლო წასვლას არ გამორიცხავს. ბრაზილიელის ირგვლივ არსებული გაურკვევლობის გამო კლუბი ქართველ მეკარესთან დაკავშირებულ შეთავაზებებს არ განიხილავს.
მამარდაშვილს კლუბის დატოვების განზრახვა არ აქვს. მას შეუძლია, მომავალ სეზონში გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღოს. ის უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში გამოყოფილი მცირე დროით, თუმცა რეალისტია და იცის, რომ შესაძლებლობა აქვს, გუნდის პირველი მეკარე გახდეს.
ევროპის მასშტაბით არაერთ კლუბს სურს მამარდაშვილის დონის ფეხბურთელის დამატება, მაგრამ „ლივერპული“ მის გაშვებას არ გეგმავს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ალისონის მემკვიდრედ მიიჩნევს“, – ამტკიცებს Football Insider-ის ჟურნალისტი.
ამჟამად გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ მეორე მეკარეა. ის ძირითადად მაშინ თამაშობს, როცა ალისონ ბეკერი ტრავმირებულია. ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისის ჩათვლით აკავშირებს, თუმცა, ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, მხარეებს თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა აქვთ.